ექიმი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ბავშვს კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს დედის აცრა როგორც ორსულობის, ისე ძუძუთი კვების დროს.
ფორმულას ეთერში კულუმბეგოვმა თქვა:
"ორსულობა არის მოწყვლადი მდგომარეობა. ზოგადად ორსულობა არის წარმავალი იმუნოდეფიციტური სიტუაცია, როცა ინფექციების მიმღებლობა და მასზე პასუხის უნარი ორსულს აქვს შესუსტებული და ეს ბუნებრივი მოვლენაა.
ორსულები მოწყვლადი ჯგუფია გრიპის ვირუსის მიმართაც და გრიპის ვაქცინაცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია ორსულთა ჯგუფში.
ორსულებისთვის აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე ვაქცინაციას იყენებენ, ისევე, როგორც მეძუძური დედების შემთხვევაში.
ეს ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ფაიზერის ვაქცინით.
სვამენ კითხვას - ეს ვაქცინა ბავშვზე ხომ არ მოახდენს რამე გავლებას?
ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მეცნიერული მტკიცებით შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ: ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის. ის არ ტრანსპორტირდება.
მაგრამ აცრიდან 10 დღის შემდეგ ანტისხეულები გადაეცემა შვილს და დედას უჩნდება შესაძლებლობა, მისი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით 2 სიცოცხლე დაიცვას - საკუთარი და ბავშვის".
საქართველოში კორონავირუსით რამდენიმე ბავშვი დაიღუპა, მათ შორის ჩვილები, რომელთა ინფიცირების წყაროც მათივე მშობლები გახდნენ.
დღეს, 30 აგვისტოს კი გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი.
***
კორონავირუსის გართულებებისგან და სიკვდილისგან სწორედ აცრა იცავს.
მსოფლიოში ვაქცინის 5.2 მილიარდი დოზა გაკეთდა.
აცრა არ იცავს დაინფიცირებისგან, თუმცა, ადამიანებს ეხმარება ვირუსის მსუბუქად გადატანაში. ის რეკომენდირებულია ორსულებისთვის და უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის ფეხმძიმობის ყველა ვადაზე.
საქართველოში ამ ეტაპზე 3 სახეობის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ფაიზერი, სინოვაკი და ასტრაზენეკა 45 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის.
მეოთხე დასახელების - სინოფარმის ვაქცინაზე ამ ეტაპზე დარეგისტრირება მხოლოდ მეორე დოზაზეა შესაძლებელი.
- აცრაზე დასარეგისტრირებლად გამოიყენეთ ბმული: booking.moh.gov.ge
- რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.
- აცრა კეთდება რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგითაც.